English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ პაატა კოღუაშვილიგივი თალაკვაძე
ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება და მისი კავშირი გლობალური ინტეგრალური რესურსების პოტენციალთან

საერთაშორისო ურთიერთობების რადიკალური გართულებისა და გლობალური პროცესების მწვავე და კონფლიქტურ სტადიაზე გადასვლის საფრთხე 2022 წლის 24 თებერვალს რეალობად იქცა.

საერთაშორისო თანამეგობრობის სივრცეში ურთიერთობათა ახალი ეტაპი ყალიბდება. შექმნილი ვითარების ანალიზი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის, რომელსაც უკრაინასა და რუსეთთან თუმცა განსხვავებული, მაგრამ მჭიდრო კავშირები ყოველთვის ჰქონდა, დღესაც აქვს და სავარაუდოდ, მომავალშიც ექნება. ბოლო წლებში მიმდინარე გლობალური ცვლილებების აჩქარება ყველაზე უფრო რადიკალურ პროგნოზებსაც კი ანგრევს. პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური, მსოფლხედვითი პროცესების სივრცეებიდან განვითარების უნივერსალური პროცესის სივრცეში გადასვლა, მკვეთრი პოლიტიკური დესტაბილიზაცია, საერთაშორისო სტრუქტურების, მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაციების, ცალკეული მაღალი საზოგადოებრივი გავლენების მქონე პიროვნებების საფუძვლიანი და უსაფუძვლო განცხადებები და მოქმედებები, აყალიბებს მსოფლიოს განვითარების სრულიად ახალ დღის წესრიგს. საქმე გვაქვს კაცობრიობის განვითარების თვისებრივად განსხვავებულ, უპრეცედენტო ეტაპის საწყის სტადიასთან.
პანდემია კოვიდ-19, ყველა ნეგატიურ შედეგებთან ერთად, შეიცავს ერთ პოზიტიურ შედეგსაც: ადამიანებმა მიიღეს მკაფიო სიგნალი თვითგადარჩენისა და თვითგანვითარებისათვის ახალი გზების და მეთოდების მოძიების აუცილებლობის შესახებ.
საკვანძო სიტყვები: ახალი წესრიგი, რუსეთ-უკრაინის ომი, უნივერსალური პროცესი, პრიორიტეტები, უსაფრთხოება, განვითარების რეჟიმები.

შესავალი
რუსეთ-უკრაინის სამხედრო-ეკონომიკურ-პოლიტიკური კონფლიქტი, რომელსაც რუსეთი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს და ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა. იმის მიუხედავად, რომ რუსეთის სამხედრო პოტენციალის უპირატესობა ომის საწყის სტადიაზე თითქოს აშკარა იყო, უკრაინის მხარეზე არსებული პრაქტიკულად მთელი პროგრესული მსოფლიოს თანაგრძნობა და მხარდაჭერა სამხედრო უპირატესობაშიც ტრანსფორმირდა.
უნდა აღინიშნოს, რომ შექმნილი ვითარება აღარ წარმოადგენს მხოლოდ რუსეთის და უკრაინის ურთიერთობის პრობლემას. სახელმწიფოთა შორის არსებული ურთიერთობების ჩამოყალიბებული პრაქტიკის გათვალისწინებით, მსოფლიოში ვერ მოიძებნება ისეთი ორი ქვეყანა, რომელთა შორის სამხედრო-ეკონომიკურ-პოლიტიკური კონფლიქტის შედეგები არ მოახდენს გავლენას მესამე ქვეყნების ცხოვრებასა და რეალიებზე. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაც და მითუმეტეს რუსეთიც, თუნდაც მათი მდებარეობით, ტერიტორიით, მოსახლეობის ოდენობით, ბუნებრივი რესურსების პოტენციალით, მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგში უმაღლეს პოზიციებს იკავებენ, ნათელი გახდება, რომ აღნიშნული კონფლიქტის ხანგრძლივობისა და შედეგების მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობაში ურთიერთობათა ახალი ეტაპი ყალიბდება (კისინჯერი, 2020; Талаквадзе Г., Ломсадзе З., Арчвадзе И. 2020, 95-103), მისი ძირითადი ავტორებიც და აქტორებიც, როგორც 2020-2022 წლების მოვლენების პირველადმა ანალიზმა დაგვანახა, მათ მიერვე გენერირებულ ურთიერთობათა და თანამშრომლობის ახალ სივრცეებში ვერც წინა პერიოდების დროს შეძენილ გამოცდილებასა და აქტივებს და ვერც სადღეისოდ მათ ხელთ არსებულ ეკონომიკურ რესურსებს, ჩვეული ეფექტიანობით ვეღარ გამოიყენებენ.
ამჟამად, მთავარი ამოცანაა ამ ეტაპში, შეძლებისდაგვარად, ნაკლები დანაკარგებით შესვლა და მასში არსებობისა და განვითარებისათვის აუცილებელი ადაპტაციის განხორციელება.

საქართველო და ახალი გლობალური გამოწვევები
1991 წლის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან განვლილი 30 წლის განმავლობაში რუსეთი და უკრაინა საქართველოსთვის მნიშვნელოვან (ზოგჯერ გადამწყვეტ) ეკონომიკურ პარტნიორებად ჩამოყალიბდნენ.
ახალი წესრიგის ფორმირება და სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკაში შექმნილი ვითარების ანალიზი, განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის, რომელსაც შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, უკრაინასა და რუსეთთან თვისებრივად განსხვავებული, მაგრამ უკიდურესად მჭიდრო კავშირები ყოველთვის გააჩნდა, დღესაც გააჩნია და მრავალი ობიექტური ფაქტორიდან გამომდინარე - მომავალშიც ექნება.
მივმართოთ სტატისტიკას - 2021 წელს საქართველოდან რუსეთში დაახლოებით 610 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, ხოლო უკრაინაში დაახლოებით 307 მლნ აშშ დოლარის. ჯამში 2021 წელს რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 917 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი ექსპორტის 21,2 %-ს შეადგენს.
წინა წლების მონაცემები ასეთია: 2017 წელს საქართველოდან რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტირებული საქონლის წილი მთლიან ექსპორტში 19.1%-ს შეადგენდა, 2018 წელს- 18.3%-ს, 2019 წელს - 19.7%-ს, 2020 წელს - 19.8%-ს.
რაც შეეხება იმპორტს: 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 1,22 მლრდ აშშ დოლარის საქონელი შემოვიდა, უკრაინიდან იმპორტის მოცულობამ კი 451 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამში, 2021 წელს ამ ორი ქვეყნიდან იმპორტის მოცულობამ 1,671 მლნ აშშ დოლარი, ანუ მთლიანი იმპორტის 14.6% შეადგინა.
საყურადღებოა, რომ რუსეთიდან საქართველოში შემოდის ისეთი სტრატეგიული პროდუქტები, როგორიცაა: ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ხორბალი, მზესუმზირის ზეთი. მაღალია რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობაც.
მნიშვნელოვანი საკითხია ასევე ფულადი გზავნილების ფაქტორიც.
2021 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების სახით დაახლოებით 2,350 მლრდ დოლარი შემოვიდა. საიდანაც 411,4 მლნ დოლარი რუსეთიდან განხორციელებულ ფულად გზავნილებზე მოდის, ხოლო უკრაინიდან ფულადი გზავნილების სახით 92,73 მლნ დოლარი გადმოირიცხა. ამდენად, ფულადი გზავნილების სახით ამ ორი ქვეყნიდან საქართველომ 2021 წელს 500 მლნ დოლარზე მეტი მიიღო, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების დაახლოებით 21,41%-ს შეადგენს.
რაც შეეხება პირდაპირ ინვესტიციებს, მისი მოცულობა ამ ქვეყნებიდან საკმაოდ მოკრძალებულია. 2021 წელს საქართველოში 724 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, საიდანაც უკრაინისა და რუსეთის ინვესტიციების ჯამმა მხოლოდ 23 მლნ დოლარი შეადგინა. 2017 წელს რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული უცხოური ინვესტიციების წილი მთლიანი ინვესტიციების მხოლოდ 2.9%-ს შეადგენდა. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5.8%-ს, 2019 წელს 6.1%-ს, 2020 წელს - 9.7%-ს აღწევდა. როგორც ჩანს, იმის მიუხედავად, რომ ტენდენცია აღმავალია, პერსპექტივებიც და პროგნოზიც - მრავალ ფაქტორზე დამოკიდებულების გამო, გაურკვეველია, რადგან ბოლო წლებში მიმდინარე გლობალური ცვლილებების აჩქარება ყველაზე უფრო რადიკალურ პროგნოზებსაც კი ანგრევს.
საქმე გვაქვს კაცობრიობის განვითარების თვისებრივად განსხვავებულ, უპრეცედენტო ეტაპის საწყის სტადიასთან (თალაკვაძე 2022, 54-6). ასეთ პირობებში, კი ამოცანად რჩება, რაც შეიძლება, ნაკლები დანაკარგებით შესვლა, და მასში არსებობისა და განვითარების მისაღწევად ადაპტაცია.
პანდემია კოვიდ-19, რომლის სრული და საყოველთაო ლიკვიდაცია სათუო ხდება და რომელიც ხსენებული გლობალური წესრიგის ერთ-ერთ მუდმივმოქმედ კომპონენტად ყალიბდება, ყველა ნეგატიურ შედეგთან ერთად, შეიცავს ერთ პოზიტიურ შედეგსაც: ადამიანებმა მიიღეს მკაფიო სიგნალი თვითგადარჩენის და თვითგანვითარებისათვის ახალი გზების და მეთოდების მოძიების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
საქართველო, რომელიც იმის მიუხედავად, რომ ახალი რეალობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში და შესაბამის გამოწვევებში უფრო პასიურ მონაწილეთა შორისაა, მაღალი ალბათობოთ სრულად იგრძნობს მისი ზემოქმედების ყველა შედეგს, რისთვისაც სერიოზული მომზადებაა საჭირო.
რას გულისხმობს ასეთი მომზადება?
ცხადია, რომ არც პოლიტიკურ, არც სამხედრო და არც მეგა-ეკონომიკურ სივრცეებში წონადი ფუნქციების შესრულება ჩვენს ქვეყანას არ შესწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოს წილი მსოფლიო ეკონომიკაში მხოლოდ 0.043 %-ია.
მიმდინარე ეტაპზე საქართველოს განვითარების ძირითადი საკითხი მისი პრიორიტეტების განსაზღვრასა და საკუთარი ინტეგრალური რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციაა.

საქართველო, როგორც კომუნიკატორი ინტეგრალური რესურსების გამოყენებაში

საქართველოს ძირითადი პრიორიტეტები ზოგადად, ისეთივეა, როგორც ყველა დანარჩენ ქვეყანაში: ქვეყნისა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა. წარმატებას ის ქვეყნები მიაღწევენ, რომლებიც შესძლებენ თავისი მიზნებისა და საკუთარი შესაძლებლობების დაბალანსებას, ანუ მდგრადი განვითარებისათვის პირობების ჩამოყალიბებას, რაც ბევრად არის დამოკიდებული მათი ინტეგრალური რესურსების სტრუქტურასა და მახასიათებლებზე.
რაც შეეხება საქართველოს უმთავრეს, სტრატეგიულ ინტეგრალურ რესურსებს, ეს არც სასმელი და მინერალური წყალია, არც საკმაოდ მნიშვნელოვანი მინერალური და სატყეო რესურსები, არც (ერთობ გადაჭარბებული) გეოსტრსტეგიული რესურსია და არც ტურიზმი - თუმცა ყოველი მათგანი საერთო სახელმწიფოებრივ წინსვლასა და მოსახლეობის დასაქმებასა და მისი ცხოვრების დონისა და ხარისხის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შემტანია.
საქართველოს უმთავრესი ინტეგრალური რესურსებია:
გეოსტრატეგიული რესურსი, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა უპრეცენდენტო გამწვავების ფონზე და რომლის ძირითადი მდგენელია პოლიტიკურად ნაკლებ პრობლემური და ეკონომიკურად მაღალრენტაბელური კომუნიკატორის (და არა „დერეფნის“ და „ხიდის“) ფუნქციის დაუფლება, შესრულება და განვითარება;
• უნიკალური საარსებო პირობები (მიწა, ნიადაგი, ბიომრავალფეროვნება, კლიმატი, ჰავა, კულტურა, ტრადიციები, მოსახლეობის მენტალობა და ზოგადი განვითარების მაღალი დონე), რომლის მიმართაც ყურადღება და რომლის ე.წ. „რბილ“ ათვისებასთან დაკავშირული გეგმები წლებია, რაც ინტენსიურად მუშავდება არა ერთ და არა მხოლოდ მეზობელ და „მეგობარ“ ქვეყნებში;
• ბიოაგრარული პროდუქცია, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შედარებითი სიმცირის მიუხედავად, გააჩნია უდიდესი პოტენციალი იმისთვის, რომ გახდეს კონკურენტუნარიანი და ზემოთხოვნადი მსოფლიო ბაზრების რიგ აგრარულ სექტორებში; სურსათით თვითუზრუნველყოფა უსაფრთხოებისა და მდგრადობის გარანტიაა. მოსახლეობის ზრდა, მოსახლეობაში კი საშუალო ფენის ზრდა იწვევს საკვებზე მოთხოვნასა და, შესაბამისად, მასზე ფასების განუხრელი ზრდის ტენდენციას, ამიტომ სასურსათო უსაფრთხოება ყველა სახელმწიფოს სტრატეგიაში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. საქართველოს ამ მხრივ გააჩნია დიდი პოტენციალი არსებითად გააუმჯობესოს როგორც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის სურსათით თვითუზრუნველყოფის დონე, ასევე, საკუთარი წილის გაზრდისათვის გლობალურ ბაზარზე.
• მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული კლასტერები, სადაც მრავალფეროვანი ადგილობრივი რესურსების გამოყენების, ეკონომიკურად გამართლებული საგადასახადო რეჟიმებისა და გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულებაში დაბალი ენერგეტიკული, სადაზღვევო და შრომის ანაზღაურების კომპონენტების არსებობის გამო, მიიღწევა რენტაბელობის სტაბილურად მაღალი მაჩვენებლები;
• მაღალი ენერგეტიკული (განსაკუთრებით განახლებადი და ალტერნატიული წყაროების) პოტენციალი, საკურორტო-სარეაბილიტაციო კომპლექსების ქსელი, სადაც ბუნებრივი კლიმატური და ბალნეოლოგიური რესურსების შერწყმა დასვენებისა და მომსახურების თანამედროვე რეჟიმებთან - მოიზიდავს მსხვილ პირდაპირ ინვესტიციებსა და მრავალი ქვეყნის მომხმარებლებისათვის მაღალმოთხოვნადი გახდება.
ზემოხსენებული „ახალი რეალობა“, რომელსაც ხშირად “ახალ გლობალურ წესრიგს” უწოდებენ, უკვე შემდგარი მოვლენაა და ხასიათდება რიგი თავისებურებით. ის იმ პროცესების შედეგია, რომლის საწყისები XX საუკუნის 75-80-იანი წლების პერიოდზე მოდის და რომელიც დაიწყო ე.წ. “ოქროს პერიოდის“ (1945 - 1975 წ.წ.) შემდეგ. მისი ბოლო ეტაპის დასაწყისი 2008 წელი იყო, ხოლო საბოლოოდ ჩამოყალიბება 2022-2024 წლებშია მოსალოდნელი.


დასკვნა
მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების უნივერსალური პროცესი დღემდის, როგორც წესი, „უწყვეტად“ მიმდინარეობდა.“ახალი რელობა” გვიჩვენებს რომ ის ე.წ.“წყვეტილ” რეჟიმში გადავიდა.
2023 წლის ბოლოსთვის შემდეგი მოცემულობა ასე ჩამოყალიბდება:
1. მშვიდობიანი პროცესებისა და რეალური საომარი მოქმედებების (არ აგვერიოს სამხედრო კონფლიქტებში) ერთდროული არსებობა.
2. მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი რესურსების საკმარისი სიმძლავრეები და ამავე დროს მათი მწვავე, უპრეცენდენტო დეფიციტი.
3. საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ფორმალურად აღიარებული და ძალაუფლების ატრიბუტებით შეიარაღებული პოლიტიკური ლიდერების არსებობა და ამავე დროს მათი პიროვნული მასშტაბების მინიმიზაცია, გამოწვეული ე.წ.”პოლიტიკური ფიგურების“ საკმაოდ დაბალ ნიშნულამდე დასული რეიტინგებით.
4. ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმალური ფუნქციონირება და იმავდროულად ამ ფუნქციონირების დაგეგმილი შედეგების უქონლობა.
5. დარგობრივი მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაციების აქტივების ანომალური ზრდა და ერთდროულად მათი კონკრეტული დარგებიდან პოლიტიკურ სივრცეში აქტიური გადანაცვლება ზესახელმწიფოებრივი ფუნქციების ენერგიული და საკმაოდ წარმატებული მითვისებით.
6. ადამიანების მსოფლხედვითი და მენტალური მახასიათებლების, მოტივაციებისა და არჩევანის გაორება საკუთარი სოციალური, ეკონომიკური, ფსიქო-ფიზიოლოგიური მდგომარეობის ანალიზისა და მკაფიო შეცნობისას.
7. “ნეოკაპიტალიზმის” (“ინკლუზიური კაპიტალიზმი“) და “ნეოსოციალიზმის” კომპონენტების შემცვლელი „ნეოლიბერალიზმის“ საშიში და არამდგრადი თანაარსებობა.
8. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის (რასაც მდგრადი პროგრესული განვითარება უნდა მოჰყოლოდა) და მწვავე ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, ეკოლოგიური, ანუ განვითარების უნივერსალური პროცესისთვის დამახასიათებელი კრიზისების ერთდროული განვითარება.
დგება რეალობის მრავალი, ხელოვნურად და კონიუნქტურულად მოტანილი სხვადასხვა “ხედვებისგან”, “მიდგომებისგან”, “პოზიციებისგან” განთავისუფლების და მხოლოდ ჭეშმარიტ ფაქტებსა და ფაქტორებზე, ობიექტურ მონაცემებზე დაფუძნებული ადეკვატური ანალიზის განხორციელების დრო. კაცობრიობა მოვლენებისა და პროცესების ანალიზის ინოვაციური ნაირსახეობის - „გამოყენებითი ანალიზის“ ტოტალური გავრცელებისა და მოქმედების სივრცეში შედის.
პოზიტიურ განვითარებას უახლოეს მომავალში მიაღწევენ, არა რესურსებით მდიდარი და მაღალი ტექნოლოგიური და სამხედრო პოტენციალის მქონე სახელმწიფოები, არამედ ის ქვეყნები, რომლებიც ოპერატიულად მოახდენენ ახალი გლობალური დღის წესრიგის გაცნობიერებასა და ზემოხსენებულ „წყვეტად“ რეჟიმებთან ადაპტირებას.
მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღწევა მათი ეკონომიკების „მოქნილობის“ გაუმჯობესება და ძირითადი ამოცანების - ქვეყნისა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და წინსვლითი განვითარების უზრუნველმყოფი პირობების შექმნა (UN Framework, 2019)

ლიტერატურა:

• თალაკვაძე გ. (2022). ინტეგრალური რესურსების გამოყენების მართვის ოპტიმიზაცია - ქვეყნის მდგრადი განვითარების ძირითადი პირობა, „საქართველოს საწარმოო ძალები და ბუნებრივი რესურსები“, №1(2), გვ. 54-64.
• თალაკვაძე გ. (2022). უნივერსალური ინტეგრალური რესურსების უნივერსალური კლასიფიკაცია . ახალი ხედვები და მიდგომები, „საქართველოს საწარმოო ძალები და ბუნებრივი რესურსები“, №1(2), გვ. 64-73.
• თალაკვაძე გ. (2020). „30 წელი“ (საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მეოთხე ათწლეულის ზღურბლზე), „ნეკერი“,თბილისი,
• კისინჯერი ჰ. (2020). „მსოფლიო წესრიგი“, თბილისი, „ინტელექტი“,
• კოღუაშვილი პ., არჩვაძე ი. (2022). სასურსათო უშიშროება - ეროვნული უშიშროების საფუძველი. - „ეკონომიკური პროფილი“, გვ. 109-125,ტომი 17, 1(23).
• UN Framework (2019). “Classification for Resources”, Geneva, Switzerland.
• Талаквадзе Г. (2020). Социальные, экономические и мировоззренческие последствия Пандемии Covid-19. Мультидисциплинарный Международный Научный Журнал “Science of Europe”, Vol.3, №60, с.с. 44-50.
• Талаквадзе Г., Ломсадзе З., Арчвадзе И. (2020). Приоритеты и ресурсы Грузии: мифы, история, перспективы. ИЭПУР АН Украины, «Экономика природопользования и устойчивое развитие», №8 (27), с.с. 95-103, Киев.

References:
• Talakvadze G. (2022). integraluri resursebis gamokenebis martvis optimizatsia - kveqnis mdgradi ganvitarebis dziritadi piroba. [Optimizing the Management of the Use of Integral Resources - the Main Condition for Sustainable Development of the Country, "Productive Forces and Natural Resources of Georgia", No. 1(2), p. 54-64.] in Georgian
• Talakvadze G. (2022). universaluri integraluri resursebis universaluri klasipikatsia .akhali khedvebi da midgomebi. [Universal Classification of Universal Integral Resources. New Visions and Approaches, "Productive Forces and Natural Resources of Georgia", No. 1(2), pp. 64-73.] in Georgian
• Talakvadze G. (2020). „30 weli“ (saqartvelo saxelmwifoebrivi damoukideblobis ardgenis meotxe atwleulis zrurblze). [30 years" (On the Threshold of the Fourth Decade of Restoration of State Independence of Georgia), "Nekeri", Tbilisi] in Georgian
• Kissinger H. (2020). „msoplio tsesrigi“, ["World Order", Tbilisi, "Intelekt".]
• Koghuashvili P., Archvadze I. (2022). sasursato ushishroeba - erovnuli ushishroebis sapudzveli. [Food Security. the Basis of National Security. - "Economic Profile", pp. 109-125, volume 17, 1(23).] in Georgian
• UN Framework (2019). “Classification for Resources”, Geneva, Switzerland.
• Talakvadze G. (2020). Sotsialnyye, ekonomicheskiye i mirovozzrencheskiye posledstviya Pandemii Covid-19. [Social, Economic and Ideological Consequences of the Covid-19 Pandemic. Multidisciplinary International Scientific Journal “Science of Europe”, Vol.3, №60, p.s. 44-50.] in Russian
• Talakvadze G., Lomsadze Z., Archvadze I. (2020). Prioritety i resursy Gruzii: mify, istoriya, perspektivy. [Georgia's Priorities and Resources: Myths, History, Perspectives. IEPUR Academy of Sciences of Ukraine, "Economics of Environmental Management and Sustainable Development", No. 8 (27), p.s. 95-103, Kyiv.] in Russian